გორის მერიის წარმომადგენლებმა კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის თემა „მონაწილეობითი კულტურა და სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის პერსპექტივები“ იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ქართველი და პოლონელი მეცნიერები და ექსპერტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისაუბრეს პრობლემების შესახებ, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვისას, განიხილეს როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმები, ასევე თვითმმართველობის როლი თანამონაწილეობითი ბიუჯეტის ორგანიზაბაში. პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიის“ ფარგლებში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებშიც საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. პროექტის მიზანი იყო თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში. ქალაქ გორის, საჩხერისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო ბიუჯეტირების განვითარების გეგმები პოლონელი და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით საუკეთესოები აღმოჩნდა. აღნიშნული სამი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს კონფერენციაზე პოლონეთის ელჩმა ანჟეი ჩიეშკოვსკიმ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. 2017 წლისთვის ქალაქ გორში "სამოქალაქო ბიუჯეტი“ პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტის ღირებულება სავარაუდოდ 900 000 ლარით განსაზღვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ექვსივე ადმინისტრაციულ ერთეულში ცალ-ცალკე 150-150 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა სივრცე“ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებდა. კონფერენცია ჩატარდა პოლინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.