დღეს გორის მერმა ,,ღია კარის დღის“ ფარგლებში შინდისის გზატკეცილზე №22-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ელემენტების დამონტაჟების სამუშაოებს დაათვალიერა, სადაც დაინტერესებული ადგილობრივი მოქალაქეების კითხვებსაც გასცა პასუხი. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 700 ლარი გამოიყო. სამუშაოები, რომლებსაც სს „ქართლი“ აწარმოებს ხელშეკრულების მიხედვით  მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. როგორც გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტავენკორპუსის ფასადის ამორტიზირებული ნაწილი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩამოშლილიყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. პროექტის მიხედვით ფასადის ელემენტები მსუბუქი კონსტრუქციებით მოეწყობა და მისი ჩამონგრევის საშიშროება აღარ იარსებებს. „გარდა აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა გორის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში კორპუსში უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას გაირკვა, მათ კიდევ სურთ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელება, ამჯერად სახურავისა და სადარბაზოების რეაბილიტაციას გეგმავენ. თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გორის მერია სამუშაოების ღირებულების 90% აფინანსებს.“ - აღნიშნა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პროექტი ,,ღია კარის დღე“ მერის ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება, დღეს მოსახლეობასთან რიგით 22 შეხვედრა გაიმართა. პროექტის ფარგლებში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კითხვა დაუსვას ქალაქის თვითმმართველობის თავკაცს და მიიღოს პასუხი. მერთან უშუალო კომუნიკაცია ოთხშაბათობით მერიის ფეისბუქგვერდზე გრძელდება, სადაც ნებისმიერ გორელს შეუძლია ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართოს მერს, დაუსვას კითხვა და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო თემაზე.