ქალაქ გორის მუნიციპალიეტეტი საქართველოს იმ სამ მუნიციპალიტეტს შორისაა, რომლის წარმომადგენელიც  პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიის“ ფარგლებში მიმდინარე წლის 17-24 ნოემბერს პოლონეთში გაემგზავრება და სასწავლო ტურში მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მიზანია თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებშიც საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ქალაქ გორის, საჩხერისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მიერ  წარმოდგენილი სამოქალაქო ბიუჯეტირების განვითარების გეგმები პოლონელი და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით საუკეთესოები აღმოჩნდა. თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების დროს მოქალაქეები  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხის მიზნობრიობას თვითონ განსაზღვრავენ. მსგავსი პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის პოლონეთის 150 ქალაქში. „2017 წლისთვის  „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს პროექტის ღირებულება სავარაუდოდ  900 000 ლარით განსაზღვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ექვსივე ადმინისტრაციულ ერთეულში  ცალ-ცალკე  150-150 ათასი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. პროექტის კოორდინატორები თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეთა ინფრომირების მიზნით მერის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ. ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოდგენის ვადა 15 სექტემბერს იწურება (ელ. ფოსტა -  info@gori.gov.ge.) მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდებ.“ - აღნიშნავს გორის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი იაგო წიკლაური, რომელმაც პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიის“ ფარგლებში გამართულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა სივრცე“ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს.