გორის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „ღია კარის დღის“ ფარგლებში ჩოჩიშვილის ქუჩა №8-ში მდებარე კორპუსის ეზოს სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულების 90% - ს 15 156 ლარს გორის მერია აფინანსებს. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. „თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში აღნიშნული კორპუსისამხანაგობა აქტიურად თანამშრომლობს გორის მერიასთან, რაც მისასალმებელია. გორის მერიის თანადაფინანსებით უკვე მე-3 პროექტი ხორციელდება. გამოიცვალა კორპუსის სახურავი და მიწისქვეშა სასმელი წყლის სისტემა. როგორც ხედავთ, ამჟამად მიმდინარეობს ეზოს ნაწილის რეაბილიტაცია.“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჯირკველიშვილმა. ქალაქის პირველმა პირმა შეკრებილ მოსახლეობას „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფორმირების წესიც გააცნო და ბიუჯეტირების პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას სამოქალაქო ინიციატივებისა და საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად გათვალიწინება. პროექტი ,,ღია კარის დღე“ მერის ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დღეს მოსახლეობასთან უკვე 21-ე შეხვედრა გაიმართა. პროექტის ფარგლებში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კითხვა დაუსვას ქალაქის თვითმმართველობის თავკაცს და მიიღოს პასუხი. მერთან უშუალო კომუნიკაცია ოთხშაბათობით მერიის ფეისბუქგვერდზე გრძელდება, სადაც ნებისმიერ გორელს შეუძლია ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართოს მერს, დაუსვას კითხვა და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო თემაზე.