გორის მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
გორის კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები შეიკრიბნენ.
დაგეგმილი აქტივობები ფონდი „მოლოდინისა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მოეწყო.

დღის მეორე ნახევარში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსახსენიებელ პარაკლისი აღევლინა.გოგა რაზმაძემ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ამ ადამინების მხარდაჭერისთვის.30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.მსგავსი ღონისძიებები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს საშუალებას აძლევს შეხვდნენ იგივე პრობლემების მქონე ადამიანებს, კიდევ ერთხელ გაიხსენონ საყვარელი ადამიანები და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი განცდები.საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან მრავალი წლის მანძილზე.