დღეს, გორის მერმა პროექტ „ღია კარის დღის“  ფარგლებში კვერნაქის დასახლებაში, მირზა გელოვანისა და თელავის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ხელშეკრულების მიხედვით ორივე ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქს 350 მეტრი სიგრძის რეაბილიტირებული გზა შეემეტება. გარდა აღნიშნული ქუჩებისა ხელშეკრულების ფარგლებში  იოსებ ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  სამუშაოებს, რომელთა ღირებულებაც 357 ათას ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქროსფოინტი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. თელავის ქუჩის მონაკვეთზე (თელავის ჩიხში) გორის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საქკურორტმშენი გორის სამშენებლო სამმართველო“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულების 90 %  (7 700  ლარი) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტი ,,ღია კარის დღე“ მერის ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დღეს მოსახლეობასთან უკვე მე-20 შეხვედრა გაიმართა.  პროექტის ფარგლებში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კითხვა დაუსვას ქალაქის თვითმმართველობის თავკაცს და მიიღოს პასუხი. მერთან უშუალო კომუნიკაცია ოთხშაბათობით მერიის ფეისბუქგვერდზე გრძელდება, სადაც ნებისმიერ გორელს შეუძლია ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართოს მერს, დაუსვას კითხვა და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო თემაზე. 24.08.2016