ერმილე მაღრაძის ტიხროვანი მინანქრისა და ჭედური ხელოვნების სკოლა/სახელოსნომ ფუნქციონირება გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით გასულ წელს დაიწყო.   3 წლიანი პროექტი ტიხროვანი მიმანქრის უფასო სწავლებას ითვალისწინებს.   2015 წელს კონკურსის შედეგად შეირჩა 7 აპლიკანტი, რომლებსაც ტიხრული მინანქრის დამუშავების ტექნოლოგიას საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი ერმილე მაღრაძე ასწავლის.   სკოლა/სახელოსნო 3 წლის მანძილზე 7 კაციან ორ ჯგუფს გამოუშვებს. სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია. სკოლა ფინანსდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.    „სკოლაში ახალგაზრდები ძირფესვიანად შეისწავლიან მინანქრის დამუშავებას  შუასაუკუნეებში არსებული ტექნოლოგიით. ქართული ტიხრული მინანქრის ხელოვნება უძველესია, იგი VIII - IX საუკუნიდან გვხვდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში  XV  საუკუნისთვის შეწყდა მინანქრის წარმოება და სასიხარულოა, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ისევ აღდგა ეს დარგი და დღემდე განიცდის წინსვლას. პროექტის მიზანია ტრადიციულ საფუძველზე მომზადდეს მსურველთა გარკვეული ჯგუფი და მათ წარმატებით გააგრძელონ ამ სფეროში მუშაობა.“ - აღნიშნავს ტიხროვანი მინანქრის ოსტატი ერმილე მაღრაძე.     
კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ:https://www.facebook.com/CityHallofGori/photos/a.703065099776557.1073741829.703054269777640/1090662224350174/?type=3&theater