დღეს გორში აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ქალაქში არსებული მემორიალები  (სამშობლოსთვის თავდადებულთა მემორიალური სვეტი, ე.წ. ჭურვების მემორიალი, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალი, აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი, ძმები რომელაშვილების მემორიალი,  ). საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ წირვა  ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ გოგებაშვილის ბაღში სამშობლოსთვის თავდადებულთა მემორიალურ სვეტთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. პანაშვიდს ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გარდა ამისა, 7 აგვისტოს, 24:00 საათზე 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით გორის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით სანთლების ტრადიციული აქცია აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან მოეწყო. „ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ 2008 წლის ომში დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას. როგორც ხედავთ ჩვენთან ერთად 8 წლის ბავშვებიც არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ეს დღე არასდროს არავის დაავიწყდება.“ -  აღნიშნა სანთლების აქციაზე გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.