დღეს გორის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროექტ „ღია კარის დღის“ ფარგლებში აღმაშენებლის გამზირსა და ძმები რომელაშვილების (ყოფილი გორკის ქუჩა) ქუჩაზე საფეხმავლოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დავით აღმაშენებლის, სტალინისა და მშვიდობის გამზირებზე, ჭაჭავაძის, სამეფოს, სუხიშვილის, ცაბაძის, თამარ მეფის, ძმები რომელაშვილების, გია ჭანტურიას, გარსევანიშვილის ქუჩებზე და მდ. მტკვარზე არსებულ ახალი ხიდზე (ქუჩის ორივე მხარეს ტროტუარი) რეაბილიტაცია უტარდება საფეხმავლოების მხოლოდ დაზიანებულ მონაკვეთებს. სამუშაოების რაოდენობრივი მაჩვენებელი შეადგენს 7 კმ. პროექტის ღირებულებაა 952 354 ლარი, საიდანაც ცენტრალური ბიუჯეტის წილი 95%-ი(904,736 ლარი), ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი წლი 5%-ია (47 617 ლარი). სამუშაოებს შპს ,,ჰედეფჯორჯია“ მიმდინარე წლის დეკემბერში დაასრულებს.
 

გორის მერმა პროექტის  მიმდინარეობასთან დაკავშირებით მოისმინა ადგილობრივების შენიშვნები. ზურაბ ჯირკველიშვილი მოსახლეობას  სამუშაოების დასრულებამდე აღნიშნული შენიშვნების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებს დაპირდა.
გარდა ამისა, ქალაქის პირველმა პირმა ორივე ქუჩაზე შეკრიბილ მოქალქეებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფორმირების წესი გააცნო და ბიუჯეტირების პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. „ პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას სამოქალაქო ინიციატივებისა და საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად გათვალიწინება. პროექტის განხორციელებას წელს ვგეგმავთ. ძალიან გვინდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეთა გადაწყვეტილებით განხორციელდეს ერთი ან რამდენიმე პროექტი.“ - აღნიშნა გორის მერმა. დღეს, 20:00 საათზე ზურაბ ჯირკველიშვილი მოსახლეობასთან კომუნიკაციას ტრადიციულად ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით გააგრძელებს, რომელსაც სპორტული ჟურნალისტი ვასილ ბალახაძე წარუძღვება. იგი ქალაქის პირველ პირს სოციალური ქსელის მომხმარებლების კითხვებთან ერთად საკუთარ კითხვებსაც დაუსვამს.
ქალაქ გორის მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ,,ლაივსტრიმის“ პროგრამით მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივაა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება.