ესპანური მეთოდოლოგიის (Employment Shuttle) დასაქმების პროგრამა, რომლის ორი ეტაპიც გორში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა, სექტემბრიდან ქალაქის მერიის დაფინანსებით გაგრძელდება. 

დასაქმების პროგრამას ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ახორციელებდა. 

პროგრამის წარმატებიდან გამომდინარე გორის მერია მზად არის გააგრძელოს მისი დააფინანსება და ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების შესახებ ინიციატივით საკრებულოს მიმართავს. 

„იმისათვის რომ აღნიშნული პროგრამა განხორციელდეს, პროგრამის დასაფინანსებლად საჭიროა ადგილობრივ ბიუჯეტში 32 ათასი ლარის გათვალისწინებას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირონ. თვითმმართველობის ინიციატივა მსგავსი პროექტის დაფინანსების შესახებ უპრეცედენტოა. პროგრამის შედეგების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მისი უწყვეტობა, რაც ჩვენი ქალაქის მოსახლეობას სასიკეთოდ წაადგება. იმედი გვაქვს მომავალში პროგრამით დაინტერესდებიან სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები და მის დაფინანსებას გაგრძელებენ.“ - აცხადებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქუთათელაძე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში მერიის ფინანასური მხარდაჭერით პროგრამის ფარგლებში 5 თვიან გადასამზადებელ კურსს 20 ბენეფიციარი გაივლის. შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ქალაქ გორში რეგისტრირებული 18 - დან 45 წლამდე ასაკის მოქალქეები შეძლებენ. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ასოციაციაციას „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG).

დასაქმების პროგრამა იძულებით გადადგილებულ (ქალაქ გორში დროებით რეგისტრირებული) და ადგილობრივ უმუშევარ მოსახლეობას ეხმარება სიღარიბის დაძლევაში, დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაში და სამსახურის ძიებაში.