დღეს გორის მერმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანია შპს “ჰიდროტექნოლგიური ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად პროექტ „ღია კარის დღის“ ფარგლებში  კომბინატის დასახლებაში არსებულ კორპუსებში საერთო სარგებლობის (სარდაფულ ნაწილში) საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერა (მშვიდობის გამზირი №2ა, №13, №19) და დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს უპასუხებს. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, კომბინატის დასახლებაში სულ 130 მრავალსართულიანი კორპუსია, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან, 70-იან წლებში აშენდა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში 2015 წელს მხოლოდ 19 კორპუსში განხორციელდა წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. დანარჩენი 111 კორპუსის წყალსაკანალიზაციო სისტემებს ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე  რეაბილიტაცია არ ჩასტარებია. სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება, რის  შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას დაიზანებული საკომუნიკაციო ქსელებით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.   სამუშაოებისთვის  434 343 ლარია გათვალისწინებული. თანხის 95% - 412 625 ლარი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №295 განკარგულების მიხედვით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. თანხის დანარჩენ ნაწილი 5% - 21 717 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.    „მიმდინარეობს მაშტაბური პროექტი. სამუშაობი სრულდება ხარისხიანად. წლების მანძილზე  კორპუსების კომობინადრეებს  არსებული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. სარდაფებში აღარ იქნება სისველე და შემცირდება წყლის ხარჯი, რომელიც დაზიანებული მილებიდან იქცეოდა დიდი რაოდენობით.“ - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.   დღეს, 20:00 საათზე ზურაბ ჯირკველიშვილი მოსახლეობასთან კომუნიკაციას ტრადიციულად ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით გააგრძელებს, რომელსაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის (qartli.ge) ხელმძღვანელი საბა წიწიკაშვილი წარუძღვება. იგი ქალაქის პირველ პირს სოციალური ქსელის მომხმარებლების კითხვებთან ერთად საკუთარ კითხვებსაც დაუსვამს. ქალაქ გორის მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ,,ლაივსტრიმის“ პროგრამით მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივაა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება.