დღეს გორის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროექტ „ღია კარის დღის“ ფარგლებში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა. თამარ მეფისა და ბაჩანას ქუჩების მცხოვრებლებმა ზურაბ ჯირკველიშვილთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ ქუჩებზე მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ათეული წლებია არ განხორციელებულა. რაც შეეხება აბრამაშვილის ქუჩას, სადაც ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ასფალტის საფარი საერთოდ არ ყოფილა. „დღეს სამი ქუჩის გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერეთ და ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ. მათ პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები გაგვიზიარეს. მოგეხსენებათ პროექტების მიმდინარეობისას მოულოდნელად არაერთი გაუთვალისწინებელი პრობლემა იჩენს თავს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით სამუშაოების დასრულებამდე მათი შენიშვნების გათვალისწინებას.“ - აღნიშნა ქალაქის მერმა. დღეს, 20:00 საათზე ზურაბ ჯირკველიშვილი მოსახლეობასთან კომუნიკაციას ტრადიციულად ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით გააგრძელებს, რომელსაც გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ნინო გიორგაძე წარუძღვება.  იგი ქალაქის პირველ პირს სოციალური ქსელის მომხმარებლების კითხვებთან ერთად საკუთარ კითხვებსაც დაუსვამს.   ქალაქ გორის მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ,,ლაივსტრიმის“ პროგრამით მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივაა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება.