ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე „2014-2020 წლების შავი ზღვის აუზის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის“ კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.   ღონისძიება რუმინეთში, ქალაქ კონსტანტაში მიმდინარე წლის 14 ივლისს გაიმართა.   აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს შავი ზღვის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, და სახელმწიფო უნივერსიტეტების დონეზე თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ერთობლივი რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერას.   კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს 2014-2020 წლების შავი ზღვის აუზის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობები.   „ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების დაფინანსებას მცირე ბიზნესის განვითარების, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და კულტურის სფეროში. მას შემდეგ, რაც მოხდება წარდგენილი წინადადებების შერჩევა, წარმატებული აპლიკანტები დაიწყებენ პროექტების განხორციელებას. დიდი იმედი გვაქვს მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტის იქნება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 0,5-დან – 1,5-მილიონამდე ევროს ღირებულების პროექტები. პროექტის ღირებულების 8%-ი  მონაწილე ქვეყანამ უნდა დაფინანსოს.“ - აღნიშნა მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ.   შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას რეგიონალური პროექტების განხორციელების საშუალებით. პროგრამა აერთიანებს 8 მონაწილე ქვეყანას. პროგრამის ბიუჯეტი2014-2020 წლებისათვის  50   მილიონ ევროს შეადგენს.