ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას ,,თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის“ მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი გადაეცა და ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორ მუნიციპალიტეტად დასახელდა.
პროექტი რეგიონული ჟურნალისტების გადამზადებას ითვალისწინებდა. მასში 30-მდე რეგიონული ჟურნალისტი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან გამარჯვებულებს სერტიფიკატები პროექტის დახურვის ღონისძიებაზე ტრენერმა, ცნობილმა ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა გადასცა. პროექტის გამარჯვებულები გორიდან გახდნენ ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი და საინფორმაციო სააგენტო ,,ფაქტჩეკის“ ჟურნალისტი ელზა ელბაქიძე.
,,ჩვენთვის დიდი პატივია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ, რადგან განათლების ხელშეწყობა მერიის უპირველესი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟურნალისტების გადამზადება პროფესიული კუთხით, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი საუკეთესო მედიატორები არიან საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის და მათ ცოდნასა და პროფესიონალიზმზე დიდადაა დამოკიდებული ის, თუ რა მესიჯებს მივიტანთ ჩვენ მოსახლეობამდე და მოსახლეობის პრობლემები რამდენად დროულად და სწორად მოვა ჩვენამდე. მინდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბატონი ზურაბ ჯირკველიშვილის სახელით მადლობა ვუთხრა პროექტის ორგანიზატორებს და სამომავლოდაც მერიის აქტიურ ჩართულობას დავპირდე მსგავსი პროექტების განხორციელებისას, ხოლო პროექტში გამარჯვებულ ჩვენს გორელ ჟურნალისტებს კი წარმატებები ვუსურვო.“- განაცხადა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა ელზა მიქელაძემ პროექტის დახურვის ღონისძიებაზე.
,,თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამა“ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს მედია-კლუბი-თავისუფლებისთვის“ და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა განახორციელეს. 
პროექტის დახურვის ღონისძიება თბილისში, სასტუმრო ,,ბეტსში“ 15 ივლისს გაიმართა.