გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დღეს გორელ ძიუდოისტებს ვაჟა მარგველაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს შეხვდა და აგვისტოს რიო-დე - ჟანეიროს ოლიმპიადისკენ გზა დაულოცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტსმენთა მწვრთნელები ანზორ თენაძე და ნიკოლოზ ბიბილაშვილი.
შეხვედრაზე ზურაბ ჯირკველიშვილმა ისაუბრა გორში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული არენის მშენებლობის პერსპექტივებზე.
,,მერიის მოთხოვნას გორში მასშტაბური თანამედროვე სპორტული არენის მშენებლობის შესახებ სამთავრობო წრეებში უკვე მოჰყვა სერიოზული დაინტერესება. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი გორელის ოცნება, საკუთარ ქალაქში იხილოს მსოფლიოში აღიარებული გორელი სპორტსმენების ასპარეზობა, მალე ასრულდება, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“ - განაცხადა შეხვედრაზე ზურაბ ჯირკველიშვილმა.
გორელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად მერია აგვისტოში კამპანიას გეგმავს, კერძოდ, ქალაქის ტერიტორიაზე გაიკვრება ბანერები სლოგანით ,,გორი-საქართველოს გამარჯვებისთვის“, შეიქმნება ფანკლუბი, სადაც გულშემატკივრებს მიეცემათ შესაძლებლობა დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი თანაქალაქელთა ასპარეზობას. დაგეგმილია, ასევე, ფანკლუბიდან პირდაპირი გადაცემების ორგანიზება მერიის ფეისბუქგვერდის საშუალებით.
ოლიმპიადა მიმდინარე წლის აგვისტოში ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ვაჟა მარგველაშვილსა და ბექა ღვინიაშვილთან ერთად ასევე გორის სპორტულ სკოლებში აღზრდილი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და ლაშა შავდათუაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ გორის მერი გასულ კვირას შეხვდა.