,,ლაივსტრიმებს“ გორის მერიის ფეისბუქგვერდზე ადგილობრივი ჟურნალისტები გაუძღვებიან.
ფორმატის ცვლილება თავად მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივაა, რომლის მიზანი მერიის მუშაობის  მეტი გამჭვირვალობაა.
 გასულ ოთხშაბათს, პირდაპირი ეთერს  სტუმრისა და ამავდროულად წამყვანის სტატუსით  ცნობილი ჟურნალისტი ია თინიკაშვილი უძღვებოდა, რომელმაც დადებითად შეაფასა როგორც პირდაპირ ეთერში მერის კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე უკანასკნელი ინიციატივა გადაცემებში  მედიის წარმომადგენლების წამყვანებად ჩართვის შესახებ.

 „ყოველ ოთხშაბათს, „ღია კარის დღის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისა და მერიაში მოქალაქეთა მიღების საათების დასრულების შემდეგ, ქალაქის მერი მოსახლეობასთან კომუნიკაციას ტრადიციულად ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით აგრძელებს. გადაცემები რომ უფრო საინტერესო და  მრავალფეროვანი გახდეს, ასევე გაიზარდოს ინტერესი ამ ფორმატის მიმართ, ჩვენ გადავწყვიტეთ სტუმრად და წამყვანად მოვიწვიოთ ჟურნალისტები და მივცეთ მათ საშუალება   მერს  სოციალური ქსელის მომხმარებელთა კითხვებთან ერთად საკუთარი კითხვებიც დაუსვას. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების ამ ფორმით ჩართულობა არის დასტური იმისა, რომ ქალაქის მერი არ არიდებს თავს კრიტიკას და პასუხობს ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აწუხებს. შესაბამისად, ეთერის შემდეგ ხდება წამოჭრილი პრობლემების გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება მათ მოსაგვარებლადაც“ - აცხადებენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურში.
ქალაქ გორის მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ,,ლაივსტრიმის“ პროგრამით მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია  ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივაა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება. 
  დღემდე პირდაპირ ეთერს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მოსახლეობის კითხვებს მერთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც პასუხობენ.