გორის მერია წელს პირველად თანამონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესის განხორციელებას გეგმავს.
ამის შესახებ დღეს გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა წმინდაწყალზე ტყვიავისა და მუსხელიშვილის ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრისას ისაუბრა. 
,,წელს პირველად მერია ქალაქის მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, თვითონ შეარჩიოს საკუთარ უბანში განსახორციელებელი პროექტები. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება - ყველაფერს ხელისუფლება ვერ განსაზღვრავს, ბიუჯეტმა აუცილებლად უნდა ასახოს თქვენი უშუალო შეხედულებებიც. აგვისტოში ჩვენ ვიწყებთ ფიქრს თანამონაწილეობის პრინციპით ბიუჯეტის დაგეგმვაზე, რაც მოგვცემს საშუალებას დავაკმაყოფილოთ მოქალაქეების ინტერესები, ჩავრთოთ ისინი თავისი ქალაქის განვითარების პროცესში და გახდნენ თვითმხილველნი, თუ სად იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას.
შეხვედრა მოსახლეობასთან იმ ტერიტორიაზე შედგა, სადაც პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწის, პოლონეთში ქართველთა მფარველისა და მეგობრის, იოზეფ პილსუდსკის სკვერი უნდა მოეწყოს პოლონური მხარისვე დაფინანსებით. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, თანხა უახლოეს მომავალში აისახება ადგილობრივ ბიუჯეტში, რის შემდეგაც სკვერის მშენებლობა დაიწყება.
შეხვედრაზე მოსახლეობამ პირადი და საერთო პრობლემების შესახებაც ისაუბრა. ზურაბ ჯირკველიშვილი მათ აღნიშნული პრობლემების მუნიციპალური პროგრამების საშუალებით მოგვარებას დაჰპირდა.
წმინდაწყლის მოსახლეობასთან შეხვედრა მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით გორის მერიის პროექტ ,,ღია კარის დღის“ ფარგლებში მოეწყო. პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დღემდე 15- მდე შეხვედრა განხორციელდა.