სტაროგრადის საერთაშორისო ბიზნესკვირეული, რომელსაც 4 გორელი ახალგაზრდა ესწრება,  საზეიმოდ გაიხსნა. ლუკა ზედაშიძე, სალომე ლაფაჩი, ანი აკოფაშვილი და მორის გიგაური 3-დან 8 ივლისამდე ქალაქ  სტაროგრადის მახლობლად, ბოლესლავოვოში გამართულ ბიზნესკვირეულში მონაწილეობენ. ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეული  უნიკალური ღონისძიებაა, რომელიც   2011 წლიდან  ვაშინგტონის ბიზნესს კვირეულთან და  ამერიკის სხვა ბიზნესს პარტნიორთან ერთად ახორციელებს სტაროგრადის თვითმმართველობა. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებს ასწავლოს მეწარმეობა და კრეატიულობა ამერიკული კორპორაციების თანამშრომლების გამოცდილების გამოყენებით. ბიზნეს-ფორუმზე გორელი ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხი  ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის პოლონეთში ვიზიტის დროს გადაწყდა. მონაწილეთა სამართლიანად და გამჭვირვალედ შესარჩევად კი მერიამ კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილე 12 აპლიკანტიდან   ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე 4 კანდიდატი შეირჩა.