გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს და გორის მერიის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებს   გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ წარმომადგენლებმა და აღნიშნული ორგანიზაციის პარტნიორმა მარტა ბიბილაშვილმა ქალაქში მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდები მოხალისეობისა და თემის განვითარებისთვის“ გააცნეს. მხარეები პროექტის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პროექტი მიზნად ისახავს გორში მცხოვრებ ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაციას, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას და მათი თანამონაწილეობით  ქალაქში არსებულ პრობლემებზე მუშაობას. პროექტში ჩართულია 18 ახალგაზრდა, რომლებიც ძირითადად თავიანთი საცხოვრებელი არეალის მიხედვით შეირჩნენ. ახალგაზრდები სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის შემდგომ, უბნებში პრობლემებს მოიკვლევენ, მოახდენენ  პრიორიტიზირებას და მათ ირგვლივ სხვადასხვა კამპანიას დაგეგმავენ.  პროექტის ფარგლებში, მოხალისე ახალგაზრდების ინიციატივით სულ 5 კამპანია განხორციელდება. პროექტი „ახალგაზრდები მოხალისეობისა და თემის განვითარებისთვის“ ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. მხარდამჭერები არიან გორის დემოკრატიის სკოლა (NIMD), ინტერნეტრადო - newradio.ge და სათემო რადიო „მოზაიკა“.