დღეს, გორის მერმა პროექტ „ღია კარის დღის“  ფარგლებში მე-12 შეხვედრა ქვერნაკის დასახლებაში, მირზა გელოვანისა და თელავის ქუჩების მოსახლეობასთან გამართა. ხელშეკრულების მიხედვით ორივე ქუჩის რეაბილიტაცია ერთი თვეა მიმდინარეობს და სექტემბერში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქს 350 მეტრი სიგრძის რეაბირიტირებული გზა შეემეტება. გარდა აღნიშნული ქუჩებისა ხელშეკრულების ფარგლებში  იოსებ ნონეშვილისა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  სამუშაოებს, რომელთა ღირებულებაც 357 ათას ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქროსფოინტი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. „მერიის ,,ღია კარის დღეებმა“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა. დღეს მირზა გელოვანისა და თელავის ქუჩების მოსახლეობას შევხვდით. კიდევ ერთხელ გავაცანით აღნიშნული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი და განვუმარტეთ პროექტის ყველა ის  დეტალი, რომელიც სამეზობლო დავების მიზეზი ხდებოდა.“ - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.   პროექტი ,,ღია კარის დღე“ მერის ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს მერი შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან, რა დროსაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კითხვა დაუსვას ქალაქის თვითმმართველობის თავკაცს და მიიღოს პასუხი. მერთან უშუალო კომუნიკაცია ოთხშაბათობით მერიის ფეისბუქგვერდზე გრძელდება, სადაც ნებისმიერ გორელს შეუძლია ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართოს მერს, დაუსვას კითხვა და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო თემაზე.