,,დილას“ იუნიორთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
ნაკრების ფეხბურთელებს დღეს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შეხვდა და მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
,,მე ამაყი ვარ, რომ დღეს საქართველოს მასშტაბით ჩვენს მუნიციპალურ სპორტულ სკოლებში საქართველოს სპორტსმენთა ყველაზე წარმატებული თაობა იზრდება, რომელთა გამარჯვებებმა გორს სპორტული ქალაქის სახელი მოუტანა. დღესაც 5 გორელი ემზადება საქართველოს სახელით რიოს აგვისტოს ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის. ერთბაშად 5 ოლიმპიელი ბევრ ქვეყანას არ ჰყავს, არამცთუ რომელიმე ქალაქს. გზას დაგილოცავთ თქვენც მომავალი გამარჯვებებისკენ. გორელები-საქართველოს წარმატებისთვის!“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა პატარა ფეხბურთელებთან შეხვედრისას.
მინსკის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ვაჟებს შორის ,,დილას“ იუნიორებმა წაგების გარეშე ჩაატარეს და პირველი ადგილი მინსკის ნაკრებთან გაიყვეს. გორელებივე გახდნენ საუკეთესო ბომბარდირის, საუკეთესო მცველისა და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებულები.
,,დილას“ იუნიორთა ნაკრები გუნდი გორის საფეხბურთო კლუბ ,,დილას“ ბაზაზე ვარჯიშობს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.