მერიის ,,ღია კარის დღეებმა“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა. 22 ივნისს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი მერიის თანამშრომლებთან ერთად კომბინატის დასახლებაში, ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მოსახლეობას ამავე ქუჩაზე მშენებარე სეკვერთან შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. „ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საერთო საცხოვრებლის ტიპის შენობაში მცხოვრებ ოჯახებს სურთ მოაწყონ ინდივიდუალური  სარგებლობის აბაზანები. როგორც ისინი აღნიშნავენ დღემდე საერთო სველი წერტილებით სარგებლობენ. აღნიშნული შენობის ნაწილში არ ყოფილა არც სასამელი წყლის და არც კანალიზაციის სისტემები. საერთო საცხოვრებლის მოსახლეობამ მოგვმართა თხოვნით დავეხმაროთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. ჩვენ მათ შევთავაზეთ მოახდინონ ამხანაგობის რეგისტრაცია, რათა გორის მერიამ თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში შეძლოს მათი დახმარება და გადაიჭრას წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემები.“ - აღნიშნა გორის მერმა. ზურაბ ჯირკველიშვილი მოსახლეობას ესაუბრა  კომბინატის დასახლებაში 111 მრავალსართულიანი კორპუსის საერთო სარგებლობის (სარდაფულ ნაწილში) საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომლებსაც შპს „ჰიდრო ტექნპლოგიური ჯგუფი“ ნოემბრის ბოლოს დაასრულებს. მისივე განცხადებით, პროექტის ღირებულება 434 ათას ლარს შეადგენს. პროექტი ,,ღია კარის დღე“ მერის ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს მერი შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან, რა დროსაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კითხვა დაუსვას ქალაქის თვითმმართველობის თავკაცს და მიიღოს პასუხი. მერთან უშუალო კომუნიკაცია ოთხშაბათობით მერიის ფეისბუქგვერდზე გრძელდება, სადაც ნებისმიერ გორელს შეუძლია ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართოს მერს, დაუსვას კითხვა და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო თემაზე.