გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, შსს მომსახურეობის სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე 410 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხისა და 100 მეტრი სიგრძის საფეხმავლოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, რომლებიც ხელშეკრულების მიხედვით სექტემბერში უნდა დასრულდეს, შპს „შარა“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 75 600 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. „ბოლო ათეული წლის განმავლობაში სუხიშვილის ქუჩაზე არსებული პრაქტიკულად გაუმტარი სანიაღვრე არხის გამო ვერხვების დევნილთა დასახლების ფერდობებიდან ჩამომდინარე წყლებით იტბორებოდა და ჭაობდებოდა შსს მომსახურეობის სააგენტოს მიმდებარე ტერიტორია. გარდა იმისა, რომ გზა გაუვალი ხდებოდა და იდგა არასასიამოვნო სუნიც, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალი აღარ დაგროვდება, რადგან ახლადმოწყობილი სანიაღვრე სისტემის საშუალებით მდინარე მეჯუდაში ჩაედინება.“ - აცხადებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსი აკაკი ხუფენია.