მერიის ,,ღია კარის დღეებმა“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა. დღეს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად სამეფო ქუჩის მოსახლეობას მათივე უბანში, ე.წ. ძველ ხიდთან შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
დარეჯან გვალია, სამეფო ქუჩის #1-ში მრავალბინიან კორპუსში მცხოვრები ქალბატონი, მერთან შეხვედრაზე ერთ-ერთი პირველი მივიდა, კორპუსის მიმდებარედ გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა და კორპუსში დაზიანებული წყალკანალიზაციის სისტემის შეკეთება სთხოვა. ზურაბ ჯირკველიშვილი მას დახმარებას დაპირდა და აუხსნა, რომ კორპუსის სამეზობლოს საერთო პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო ბერკეტს წარმოადგენს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამა’’, რომლის ფარგლებში ამხანაგობების პროექტებს თვითმმართველობა 90%-ით აფინანსებს. 
ქალაქის მერი შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას სოციალური პრობლემების, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სხვა პრობლემების შესახებაც ესაუბრა.
,,ქალაქ გორის მერია აგრძელებს ,,ღია კარის დღის“ პროექტს ამჯერად უშუალოდ მოსახლეობასთან მისვლით და ადგილზე გასაუბრებით. დღეს გურამიშვილისა და სამეფო ქუჩის გადაკვეთასთან მოვედით, აქ ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ვივარაუდეთ, რომ მოსახლეობას შესაძლოა აქვს შენიშვნები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია პროექტის ხარვეზების გარეშე შესასრულებლად. მოვისმინეთ ისეთი პრობლემებიც, რომელთა გადაჭრა ჩვენს კომპეტენციას სცდება, მაგრამ მთავარია, რომ კომუნიკაცია შედგა და. ის აუცილებლად გაგრძელდება. ეტაპობრივად მოვიცავთ ქალაქის ყველა უბანს-შევხვდებით ყველას და უშუალო კომუნიკაციის გზით შევეცდებით მათი პრობლემების მოგვარებას’’. - განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
პროექტი ,,ღია კარის დღე“ მერის ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს მერი შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან, რა დროსაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კითხვა დაუსვას ქალაქის თვითმმართველობის თავკაცს და მიიღოს პასუხი. მერთან უშუალო კომუნიკაცია ოთხშაბათობით მერიის ფეისბუქგვერდზე გრძელდება, სადაც ნებისმიერ გორელს შეუძლია ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართოს მერს, დაუსვას კითხვა და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო თემაზე.