გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია
გოგებაშვილის ქუჩის 157 მეტრიანი მონაკვეთი (კახნიაშვილის ქუჩიდან გმირების ქუჩამდე) რეაბილიტირებულია. საფეხმავლო ბილიკები ქუჩის ორივე მხარეს მოპირკეთებული და შშმ პირთათვის ადაპტირებულია. ქუჩის შუაწელში მოწყობილია სანიღვრე არხი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს წვიმის დროს დაგროვილი წყლისგან გამოწვეული დატბორვის პრობლემას მოუხსნის. 
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,შარამ“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 83 382 ლარი გაიხარჯა. 
,,როგორც იქნა გვეშველა. ამ ქუჩაზე ალბათ 50 წლის წინ დაიგო ბოლოს ასფალტი და მას შემდეგ ხელი აღარავის უხლია. ისეთი გაფუჭებული გზა იყო, ტალახი და ჭაობი, რომ ტაქსები გამოძახებაზე არ მოდიოდნენ. ახლა ჩვენ ხომ კმაყოფილები ვართ და მეზობელი ქუჩებიდანაც კი მოდის ხალხი სანახავად. არავინ ელოდა, რომ ეს ქუჩა ასე ლამაზად გამოვიდოდა“. - აღნიშნავს გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრები გიორგი ხოსრუაშვილი.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წელს გორში 15-მდე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, რაზეც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 4, 495,137 ლარი დაიხარჯება.