ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი გორის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალის უცხოური კოლექტივების ხელმძღვანელებს შეხვდა და ფესტივალში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. 
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, ფესტივალის ტრადიციის გაგრძელებაზე და ქართული საგუნდო მუსიკის ევროპის კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. 
გორის მერმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
გორის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი 20 წლის წინ მივიწყებული ტრადიციაა, რომელიც ქალაქ გორის მუნციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით აღდგა და წელს პირველად ჩატარდა. 
ფესტივალში, რომელიც 23-26 მაისს მიმდინარეობდა, გორის ქალთა კამერულ გუნდთან და საქართველოს სხვა გუნდებთან ერთად ესტონეთის, ფინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის კოლექტივებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ფესტივალის ორგანიზატორები და ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს საგუნდო საზოგადოება და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.