დღეს გორის ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროას“ წარმომადგენლებმა ქალაქ გორის თვითმმართველობას რეკომენდაციები წარუდგინეს.
შეხვედრას, რომელიც ,,დროას“ მიერ განხორციელებული პროექტ ,,გორი-სუფთა და უსაფრთხო ქალაქის“ შემაჯამებელი ღონისძიება იყო, ესწრებოდნენ: გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, დეპუტატი პაპუნა კობერიძე, მერის წარმომადგენლები ქალაქის უბნებზე, მერიის კეთილმოწყობისა და პარკირების სამსახურები, ,,დროას“ მოხალისეები. პროექტი შეაჯამეს „დროას“ მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა მაია გოგიძემ და კომუნიკაციების მენეჯერმა კატო ქოთოლაშვილმა, ხოლო რეკომენდაციები პარკირების მოწესრიგების შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებს საერთაშორისო ექსპერტმა გელა კვაშილავამ გააცნო. 
შეხვედრა გორელ ფოტომოყვარულთა მიერ ქალაქის სისუფთავისა და უსაფრთხოების თემაზე გადაღებული ფოტოების გამოფენით გაიხსნა, რის შემდეგაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ ჯირკველიშვილსა და და გორის ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დროას“ შორის შეთანხმება გაფორმდა. 
შეთანხმების მიხედვით, მერია ვალდებულებას იღებს საგზაო უსაფრთხოებისა და სისუფთავის დაცვის მიმართულებით სამუშაოების დაგეგმვისას გაითვალისწინოს ,,დროას“ მიერ საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც ეხება სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშნების დამონტაჟებას, ზებრა-გადასასვლელებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას, პარკირების დარეგულირებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნების დამატებას, მათ გარეცხვა-დეზინფექციას და ნარჩენების გატანაზე მონიტორინგის დაწესებას.
ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა აღნიშნა, რომ მერიისა და ,,დროას“ ექსპერტთა აზრი ბევრ საკითხში იდენტურია და მერიის მიერ დასუფთავებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარებისთვის დაწყებული სამუშაოები შესაბამისობაშია წარმოდგენილ რეკომენდაციებთან, რომლებითაც მომავალშიც იხელმძღვანელებენ მერიის სამსახურები.