„თემატური სწავლება საბავშვო ბაღში“ - ასეთია იმ ტრენინგის თემა, რომელიც გორის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებისთვის ტარდება.
სწავლების კურსი ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ბაგა-ბაღების დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლებას, ახალი სასწავლო მეთოდიკის დაუფლებას და სააღმზრდელო პროცესის გაუმჯობესებას
ტრენინგს უძღვებიან სკოლამდელი განათლების ექსპერტები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლები. 
მიმდინარე ტრენინგზე მონაწილეები ეცნობიან სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების ძირითად სფეროებს, მათთან მუშაობის პრინციპებს, თემატური სწავლების მეთოდიკას... ეს კარგი საშუალებაა ბაღების ხელმძღვანელთათვის, რომ შეისწავლონ ბავშვზე დაკვირვების ინსტრუმენტების გამოყენება, დაეუფლონ ახალ მეთოდებს და მიდგომებს, რომელთა დანერგვაც ჩვენს ბაგა-ბაღებში ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარების სტიმულირებას.“ - აცხადებს მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე.
ტრენინგზე თეორიულ სწავლებასთან ერთად ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკის, კოლაჟების, სამაგიდო თამაშების, პაპიე-მაშეს ტექნოლოგიის ასათვისებლად. 
ტრენინგის სასწავლო კურსი მოიცავს 42 აკადემიურ საათს და მაისის თვის განმავლობაში ორ ეტაპად ჩატარდება.