,,ღია კარის დღის“ პროექტის ფარგლებში გორის მერმა რიგით მეხუთე შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. 
შეხვედრაზე ზურაბ ჯირკველიშვილმა ვრცლად ისაუბრა მერიის საგარეო ურთიერთობებზე, საზღვარგარეთული მივლინებების დროს გახარჯული საბიუჯეტო თანხების ოდენობასა და მიზნობრიობაზე. 
ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სამივლინებო მოწვევებში პრიორიტეტს წარმოადგენს მინიმალური საბიუჯეტო ხარჯები და ვიზიტისგან მიღებული მაქსიმალური სარგებელი. 
ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე საზღვარგარეთ ვიზიტებში დაიხარჯა 5814.72 ლარი. განხორციელდა 5 ვიზიტი ჩინეთში, პოლონეთსა და ბელგიაში. 
განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა უკანასკნელი ვიზიტი პოლონეთში, რომელიც კონკრეტული შედეგებით დასრულდა. კერძოდ, მიღწეულ იქნა შეთანხმება გორში, წმინდაწყლის დასახლებაში პილსუდსკის სკვერის 100 000 ლარიანი პროექტის დაფინანსების, პოლონეთის ბიზნესფორუმში გორელი ახალგაზრდების მონაწილეობის, მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა პოლონეთში სტაჟირებისა და ფანდრაიზინგში ადგილობრივი კადრის დატრენინგების შესახებ.
,,ის პოლონური ქალაქები, გდანსკი და სოპოტი, სადაც გახლდით, ევროკავშირის გრანტებით ყველაზე აქტიურად მოსარგებლე ქალაქები არიან, საამისოდ ბრიუსელში მათ სპეციალური ოფისებიც კი აქვთ გახსნილი. ჩვენც გვინდა, გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, მოვამზადოთ კადრი და შევქმნათ სტაბილური სისტემა, რომელიც იმუშავებს გრძელვადიან პერსპექტივაში არა მარტო ინფრასტრუქტურული, არამედ კულტურული და სოციალური პროექტების დაფინანსების მოსაძიებლად, რაც ძალიან წაადგება ჩვენს მცირებიუჯეტიან ქალაქს. “ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
ქალაქის მერმა პირობა დადო, რომ პოლონურ მხარესთან თანამშრომლობის პროცესი გამჭვირვალედ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით წარიმართება.