,,საზოგადოების  წინაშე გამოგვაქვს  2014 წლის 2 აგვისტოდან  დღემდე მერიის მიერ გაწეული მუშაობის  ანგარიში.   ეს არის: პროექტები დაპირებებიდან რეალურ განხორციელებამდე! პროექტები პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით! პროექტები, რომელთა განხორციელებით მოსახლეობამ მიიღო რეალური სარგებელი! ამ პერიოდში გაწეული შრომის შეფასებას გარეშე მხრიდან ცოტა მეტი დაკვირვება სჭირდება, რადგან მიდგომების ცვლილება, გრძელვადიანი მასშტაბური პროექტების დაგეგმარება,  ახალი მუნიციპალური პროგრამების შექმნა თუ  მათ განსახორციელებლად დაფინანსების ძიების პროცესი  არაა ე. წ. ,,ფასადური საქმე“, რაც ერთი შეხედვითვეა თვალშისაცემი და რაც აქამდე მიეწოდებოდა ჩვენს  საზოგადოებას. დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო ხალხია, ძალაუფლება მოდის ,,ქვემოდან ზემოთ“ და არა-პირიქით.  შესაბამისად, თქვენი   აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია! ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს  პროცესები, რომლებიც თქვენ მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ თქვენი  ფულის თქვენივე ინტერესებისთვის  ხარჯვას უკავშირდება. ადამიანი ბოლომდე კმაყოფილი საკუთარი თავით არასოდეს არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხელშემშლელი გარემოების მიუხედავად, თავის მოსაწონებელი  ნამდვილად გვაქვს.  თავად განსაჯეთ!“ ზურაბ ჯირკველიშვილის ამ მიმართვით  იწყებოდა  საანგარიშო ბიულეტენი, რომელიც გუშინ გორის თეატრის დიდ  დარბაზში  მერის  ანგარიშის მოსასმენად  მისულ მოქალაქეებს დახვდათ. ანგარიში, რომელიც გორის  მოსახლეობას თვით  ზურაბ ჯირკველიშვილმა წარუდგინა, მოიცავდა 20 თვეს - პერიოდს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ  თვითმმართველი  ქალაქის სტატუსის მინიჭებისა და მერიის, როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  ჩამოყალიბების დღიდან დღემდე. 5 მაისის ანგარიში რიგით მეოთხე მასშტაბური ანგარიშია,  რომელიც ასახავდა წინა მუნიციპალიტეტისგან განსხვავებულ  მიდგომებსა და  შეცვლილ პრიორიტეტებს,  დაძლეულ პრობლემებს  და  სამომავლო გეგმებს.   ანგარიშში განხილული იყო ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა  ინფრასტრუქტურა,  სოციალური საკითხები,  განათლება, კულტურა, მუნიციპალური პროგრამები, მერიის  ღიაობა და გამჭვირვალობა, მოქალაქეთა ჩართულობა, გარემოს დაცვა,  საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირება, მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობები და სხვა. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ზურაბ ჯირკველიშვილმა უპასუხა კითხვებს ვერხვების დევნილთა დასახლების პრობლემების, საბავშვო-ბაგა-ბაღებიდან დევნილების გაყვანის, სადგურზე საბავშვო ბაღის მშენებლობის, გორში სტალინის ძეგლის დადგმისა და სხვა საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს ქალაქის  მერი ანგარიშის მოსასმენად მისულ მოქალაქეებს  დაპირდა, რომ მერიის მხრიდან  საზოგადოებასთან  ურთიერთობის პროცესი  უფრო აქტიური გახდება როგორც ანგარიშების, ასევე საჯარო შეხვედრების, ადგილზე პრობლემების გაცნობის, ,,ღია კარის დღისა“  თუ ფეისბუქგვერდზე წამოწყებული ლაივსრტრიმების საშუალებით.