ამ წუთებში ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრება. წირვის დასრულების შემდეგ ქალაქში საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.

აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით 17:00 საათზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 3 მაისს გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება.

ოქონობის დღესასწაული წელს მეცამეტედ აღინიშნება. იგი ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაკარგულად ითვლებოდა. იგი 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, ხოლო 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.