,,ღია კარის დღის“ ფარგლებში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კიდევ ერთი შეხვედრა გამართა.  შეხვედრის თემა იყო კულტურა, სპორტი, განათლება, დაგეგმილი ღონისძიებები და მუნიციპალური პროგრამები.  მოქალაქეთა შეკითხვებს  ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და  მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ შიოშვილი პასუხობდნენ. ,,შეხვედრაზე  შეკრებილ მოქალაქეებს  მივაწოდეთ ინფორმაცია მაისის თვეში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა საგუნდო მუსიკის ფესტივალი, რომელიც წელს პირველად ჩატარდება 15 წლიანი პაუზის შემდეგ, ასევე ანიმაციური ფილმების ფესტივალი და ა. შ.  მაისი ამ მხრივ საკმაოდ დატვირთული თვე იქნება. იყო კითხვები, იყო პასუხები და  მოსაზრებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი შეხვედრები უფრო აქტიურ ფორმას მიიღებს და მეტი მოქალაქე ჩაერთვება პროექტში. შეხვედრები გაგრძელდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის  საქმიანობაზე“. - განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა. ,,ღია კარის დღე“  - გორის მუნიციპალიტეტის მერიის  ახალი  ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს უშუალო კომუნიკაციის გზით  მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ. ,,ღია კარის დღის“  ფარგლებში  გორის მერი, მერის მრჩეველი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები შეხვდებიან მოსახლეობას და  მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვას გასცემენ პასუხს. მომავალ ოთხშაბათს,  ,,ღია კარის დღე“    სოციალურ თემას მიეძღვნება.