რეგიონული სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გორის შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში ხელბურთის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქარელის, კასპის, ხაშურის, გორის თემისა  და ქალაქ გორის საჯარო სკოლების ნაკრები გუნდები. გოგონათა შორის გამარჯვებული გახდა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის გუნდი, რომელმაც ანგარიშით 8:3 დაამარცხა გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო ვაჟებს შორის გამარჯვება მოიპოვა გორის მე-3 საჯარო სკოლის ნაკრებმა, რომელმაც ანგარიშით 24:11 სძლია ქარელის სკოლის გუნდს.
სასკოლო ოლიმპიადა გორში 18 აპრილს გაიხსნა ფრენბურთის ტურნირით  და 26 აპრილს  მაგიდის ჩოგბურთით  გაგრძელდება. შეჯიბრება გორის სასწავლო უნივერსიტეტში 15: 00 დაიწყება.
რეგიონულ ტურნირებზე გამარჯვებული გუნდები იასპარეზებენ  საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ანაკლიაში გაიმართება.
სპორტული ოლიმპიადა უკვე მეორე წელია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება ოლიმპიურ გუნდურ სახეობებში: მინიფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთსა და გეზრბენში. ხოლო არაოლიმპიური სახეობებიდან ჩემპიონატის ფარგლებში იმართება ,,მხიარული სტარტები“ უმცროსი ასაკის ბავშვების მონაწილეობით.
ოლიმპიადის ინიციატორია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი ტურნირების ორგანიზატორი - გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.