სასკოლო  სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ ასპარეზობებს შიდა ქართლში   გორი მასპინძლობს.  
ოლიმპიადა 18 აპრილს ფრენბურთის ტურნირით გაიხსნა. შეჯიბრებაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქარელის, კასპის, ხაშურის, გორის თემისა  და ქალაქ გორის საჯარო სკოლების ნაკრები გუნდები, რომელთაგან გამარჯვებულები ვაჟებში გორის მე-7 სკოლის, ხოლო გოგონებში კასპის  სკოლის გუნდები გახდნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გორელი ოთარ კურტანიძე დასახელდა.

ფრენბურთის  შემდეგ სასკოლო ოლიმპიადა ხვალ ხელბურთის ტურნირით გაგრძელდება.
რეგიონულ ტურნირებზე გამარჯვებული გუნდები იასპარეზებენ  საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ანაკლიაში გაიმართება.
სპორტული ოლიმპიადა უკვე მეორე წელია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება ოლიმპიურ გუნდურ სახეობებში: მინიფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთსა და გეზრბენში. ხოლო არაოლიმპიური სახეობებიდან ჩემპიონატის ფარგლებში იმართება ,,მხიარული სტარტები“ უმცროსი ასაკის ბავშვების მონაწილეობით.
ოლიმპიადის ინიციატორია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი ტურნირების ორგანიზატორი - გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.