კომბინატში, ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე  მალე  ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყება. ადგილი, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, მშვიდობის #20ა-ს მიმდებარედ,  საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოქცეული დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის მიწაა, რომელიც ამჟამად ნაგავსაყრელადაა გამოყენებული. სკვერის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას გასულ კვირას თვით ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გააცნო. შეხვედრაზე მერმა  ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და მათი მოგვარების მიზნით  შეკრებილებს საქართველოს გაერთიანებული წყლების კომპანიასა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შუამდგომლობასაც  დაპირდა. სკვერის მოსაწყობად  მერიაში გამოცხადებულია  ტენდერი, რომელიც  26 აპრილს დასრულდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 96 780 ლარია. პროექტის მიხედვით აღნიშნულ ადგილას მოეწყობა სპორტული მინისტადიონი, დასასვენებელი სკამები და ფანჩატური, საბავშვო საქანელები, დეკორატიული განათება და მწვანე ნარგავები.