ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ფეისბუქზე მისი სახელით დარეგისტრირებულ გვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

,,ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტსივრცეში ზურაბ ჯირკველიშვილის სახელით გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი გვერდი, რამაც ადგილობრივი თვითმმართველობის უკანასკნელი არჩევნების პერიოდი გამახსენა. მაშინაც ჩემგან დამოუკიდებლად შეიქმნა ფეისბუქგვერდი ჩემი სახელით და ახლაც ასე განმეორდა. 

რადგან 2014 წლის არჩევნების შემდეგ ჩემი კონკურენტებიდან დღეისათვის გორში გამოკვეთილად მხოლოდ ერთი ძალაღა ცდილობს თავის დამკვიდრებას ცრუ ინიციატივების საშუალებით, ამ ფონზე მეორედ ჩემი ყალბი ფეისბუქგვერდის შექმნა მიჩენს განცდას, რომ ჩემი სახელით სოციალურ ქსელში აქტიურობაც ამ ძალას უკავშირდება.

ასეც რომ არ იყოს და პოლიტიკურ ძალებს გვერდის შექმნასთან კავშირი არ ჰქონდეს, გორის მერიის ოფიციალური გვერდის საშუალებით მინდა საქვეყნოდ განვაცხადო, რომ მე, ზურაბ ჯირკველიშვილს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს, ფეისბუქგვერდი არც მქონია და არც ვაპირებ შექმნას. იმ დროს, როცა მერიაში რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ვირტუალურ სივრცეში ვირტუალურ მოწინააღმდეგებთან საპაექროდ დროის დახარჯვა დანაშაულად მიმაჩნია. 

მინდა დავარწმუნო ჩემი ოპონენტები, რომ ვირტუალური და ცრუ ინიციატივებზე აგებული კამპანიით ჩვენთან დაპირისპირება ისეთივე შედეგებს მოიტანს ახლაც, როგორი შედეგებითაც დაასრულეს მათ 2014 წლის არჩევნები. სოციალური ქსელის მომხმარებლებს კი ვთხოვ, ფეისბუქზე ნუ ,,დაუმეგობრდებიან “ ზურაბ ჯირკველიშვილის გვერდს, რომელსაც გაურკვეველი ხელი მართავს.“- ნათქვამია განცხადებაში.