გორის მერიის სოციალურ საცხოვრისში შესახლებულ ოჯახებს  დღეს  ბინადრობის ხელშეკრულებები გაუგრძელდათ. შეთანხმების გასაფორმებლად საცხოვრისს ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი მერიის სოციალური და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელებთან  და კომბინატის  წარმომადგენლებთან  ერთად  ეწვია. ,,საცხოვრისი 2010 წელს აშენდა და მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით 5 წლიანი ხელშეკრულებების საფუძველზე 4 სოციალურად დაუცველი და 8 დევნილი ოჯახი შესახლდა. გასულ წელს ამ ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა და შეიქმნა სამართლებრივი პრობლემა. თვით საცხოვრისის შინაარსი აქ შესახლებული ოჯახების როტაციას ითვალისწინებს, მაგრამ რადგან ჩვენს პირობებში ეს შეუძლებელია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ კონტრაქტები 2017 წლამდე იმ ვარაუდით, რომ აქვე მეზობლად, დევნილთა კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ, საცხოვრისში ფართი გამოგვითავისუფლდება და შევძლებთ  საცხოვრებელი ფართით მიუსაფარი ოჯახების დაკმაყოფილებას“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა საცხოვრისის თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებთან საუბრისას. ,,ძალიან დიდი მადლობა  მერიას, რომ გაგვიგრძელა ხელშეკრულება. მართლა არასად წასასვლელი არ მაქვს და სხვა შემთხვევაში ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდებოდი.“ - განაცხადა საცხოვრისის ბინადარმა ნონა რუაძემ. სოციალური საცხოვრისი, რომელშიც  14 ოჯახი ცხოვრობს,  გორში 2010  წელს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადაეცა  განსაკარგად.