გორელმა მოცურავემ გიორგი დუდაშვილმა საქართველოს ღია პირველობაზე თავისუფალი სტილით ცურვაში 100 მეტრზე - პირველი, 200 მეტრზე - მეორე, ხოლო 50 მეტრზე - მესამე ადგილი მოიპოვა. ტურნირი, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას, თბილისში 25-26 აპრილს ჩატარდა. დუდაშვილის მსგავსად შეჯიბრში საპრიზო ადგილებზე გასული ახალგაზრდები ივლისის ბოლოს ძალებს ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე მოსინჯავენ. გარდა ამისა გიორგი დუდაშვილი მაისში საწვრთნელ შეკრებაზე ბათუმში მიემგზავრება, რის შემდეგაც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. დუდაშვილი საქართველოს ნაკრების წევრია და თბილისში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ვარჯიშობს. მისი დაფინანსება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის მოცურავე თანრიგოსან ბავშვთა სპორტული ჯგუფის ხელშეწყობის მუხლიდან ხორციელდება, რისთვისაც 2015 წლის ბიუჯეტში 14 000 ლარია გათვალისწინებული.