ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი „ღია კარის დღე“ შედგა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მრჩეველი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი საათის მანძილზე მოსახლეობის კითხვებს პასუხობდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა უშუალო კომუნიკაციის გზით მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ.
„ეს არ იყო ერთჯერადი ღონისძიება. ყოველი კვირის ოთხშაბათს, 11:00 საათიდან გორის მერიის თანამშრომლები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი საათის მანძილზე შეხვდებიან მოქალქეებს  და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებენ.“ - აღნიშნა ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
„ოთხშაბათი დღე მერიაში მთლიანად მოქალაქეებთან ურთიერთობის დღედ გამოცხადდება. დღემდე ყოველი ოთხშაბათი დადგენილი იყო, როგორც მოქალაქეთა მიღების დღე. ,,ღია კარის დღის“ ამოქმედებით კი მოსახლეობასთან კომუნიკაცია უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს წინასწარი ჩაწერის გარეშე უშუალოდ პირველწყაროდან შეეძლება ინფორმაციის მიღება მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით“. - აცხადებს გორის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე. ,,ღია კარის დღე“ მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი კიდევ ერთი პროექტია. შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 აპრილს 20:00 საათზე მოეწყობა პირველი ლაივსტრიმი მერიის ფეისბუქგვერდზე