,,ღია კარის დღე“ - გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს უშუალო კომუნიკაციის გზით მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ.
,,ღია კარის დღის“ ფარგლებში გორის მერი, მერის მრჩეველი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები შეხვდებიან მოსახლეობას და მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვას გასცემენ პასუხს.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პირველი შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შუალედში ხვალ, 13 აპრილს გაიმართება, სადაც ინიციატივის პრეზენტაცია მოეწყობა, ხოლო მომდევნო ოთხშაბათიდან შეხვედრებს თემატური დატვირთვა მიეცემა.
,,შეხვედრები ტრადიციულ სახეს მიიღებს, რითაც ოთხშაბათი დღე მერიაში მთლიანად მოქალაქეებთან ურთიერთობის დღედ გამოცხადდება. დღემდე ყოველი ოთხშაბათი დადგენილი იყო, როგორც მოქალაქეთა მიღების დღე. ,,ღია კარის დღის“ ამოქმედებით კი მოსახლეობასთან კომუნიკაცია უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს წინასწარი ჩაწერის გარეშე უშუალოდ პირველწყაროდან შეეძლება ინფორმაციის მიღება მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით“. - აცხადებს გორის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე.
,,ღია კარის დღე“ მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი კიდევ ერთი პროექტია. ამ მხრივ ქალაქ გორის მერია არაერთ აქტივობას ახორციელებს - პერიოდულად ტარდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, საჯარო შეხვედრები, განხილვები და დისკუსიები აქტუალურ თემებზე; მერიასთან ფუნქციონირებს ახალგაზრდული საბჭო და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აქტიურად მუშაობს მერიის ვებგვერდი და ფეისბუქგვერდი (http://gori.gov.ge/;https://www.facebook.com/ქალაქ-გორის-მუნიციპალიტეტის-მერია), საიდანაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.