„რკინიგზის დასახლებაში 4,5 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გორის მერმა სადგურის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ზურაბ ჯირკველიშვილმა ადგილობრივებთან ისაუბრა ქალაქის აღნიშნულ უბანში განხორციელებული და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების შესახებ.„2016 წელს რკინიგზის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის ორი მესამედი კეთილმოეწყობა. ივნისში დასრულდება მარაბდელის, მიჩურინის, გაბაშვილის, ფურცელაძის, მ.ჯავახიშვილის, ძმები ზუბალაშვილების ქუჩებისა და ფურცელაძისა და ჯავახიშვილის ჩიხების რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. მიმდინარე წელს გზის საფარის სარეაბილტაციო სამუშაოები გაგრძელდება ქალაქის აღნიშნულ ნაწილში მდებარე გორიჯვრისა და კეცხოველის ქუჩებზე.“ - აღნიშნა გორის მერმა.

სადგურის დასახლებაში მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტი 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო და სამ ეტაპად განხორციელდა. პირველი და მეორე ეტაპი საკანალიზაციო ქსელის, ხოლო მესამე ეტაპი გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 3 263 338 ლარი შეადგინა. თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.„რკინიგზის დასახლებაში არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ჩამორჩემოდა ქალქის სხვა უბნებს. ქალაქის აღნიშნულ ნაწილში დღემდე არ არსებობდა საკანალიზაციო სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას.“- აღნიშნა ადგილობრივმა მკვიდრმა სვეტლანა ნერგაძემ.