9 აპრილს გორში სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მოგონების დღე აღინიშნა. 

1989
წლის 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი 9 აპრილის სახელობის სკვერში აღევლინა, რომელსაც 9 აპრილის მოვლენების მონაწილენი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულებისთვის კიდევ ერთხელ ილოცეს.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ სკვერში მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ - საგანმათლებლო ცენტრის აღსაზრდელების მონაწილეობით მცირე ღონისძიება გაიმართა. 

27
წლის წინ, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და დასახიჩრდა 2000-მდე მომიტინგე.