საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით გორის მერიაში 2 ტენდერი მიმდინარეობს. 
5 აპრილს გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის 
(https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge) საშუალებით უწყება გეგმავს შეისყიდოს ქალაქის 30 ქუჩაზე ასფალტის საფარის დახაზვის პროექტირების სამუშოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 3000 ლარი. განაცხადების მიღება მთავრდება 12 აპრილს. კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, ტენდერში გამოვლენილ გამარჯვებულ ორგანიზაციას დაევალება პროექტის წარმოდგენა 70 დღეში. პროექტირების სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოცხადდება ახალი ტენდერი დახაზვის სამუშაოების შესრულებაზე. 
აღნიშნული ტენდერი ქალაქის 30 ქუჩის დახაზვის პროექტირებაზე რიგით მესამე ტენდერია. მიმდინარე წლის 2 მარტსა და 28 მარტს გამოცხადებული ტენდერები არ შედგა, რის გამოც საგზაო მონიშვნების მოწესრიგება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
მერიის მიერ 28 მარტს გამოცხადდა და 18 აპრილამდე გაგრძელდება ელექტრონული ტენდერი (https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge) ქალაქ გორში გზების ასფალტის საფარის დახაზვის სამუშაოებზე. აღნიშნული ტენდერის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული ორგანიზაცია აიღებს ვალდებულებას დახაზოს ქალაქის ცენტრში ჭავჭვაძის ქუჩის მონაკვეთი, გურამიშვილის, სამეფოს, ამილახვრის, ქართლის ქუჩები, მშვიდობის გამზირისა და ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთები. აღნიშნულ ქუჩებზე მოძრაობის წესები მერიის ინიციატივით ავტომანქანების მოძრაობის განტვირთვის მიზნით გასულ წელს შეიცვალა.
გარდა ამისა, მერიის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილებამ, ქალაქის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, უშუალოდ შეიმუშავა 1250 საგზაო ნიშნის პროექტი, რომელიც საპატრულო პოლიციასთან შეთანხმების პროცესშია. პატრულთან თანამშრომლობის რეჟიმში სამუშოები კიდევ გრძელდება.
ქუჩების დახაზვის გარდა, მერიის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილებაში აქტიურად მუშაობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკირების მოწესრიგების კუთხით. აღნიშნული საკითხების შესწავლის შედეგად განყოფილებამ შეიმუშავა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ ნაბართვის გაცემი წესი, M2 და M3 კატეგორიების ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის ფორმა, პარკირების ორგანიზების წესი (საკრებულოს 2015 წლის 6 მარტის დადგენილება).
2016 წლის 1 აპრილის საკრებულოს დადგენილებით პარკირების ორგანიზების უფლება გადაეცა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის შპს ,,გორის კეთილმოწყობის სამსახურს“, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა შესაბამისი პროცედურების განხორციელებისთვის.
გორის მერიაში მიაჩნიათ, რომ საგზაო უსაფრთხოების მიზნით დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების შედეგად ქალაქში ფეხით და ავტომანქანებით გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.