გორის მერმა  ზურაბ ჯირკველიშვილმა  ნატოს გენერალური მდივნის ასისტენტის მოადგილეს  სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტედ ვაითსაიდსა  და ნატოს სამეკავშირეო  ოფისის  ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს უმასპინძლა. ეს გორის მერისა და ტედ ვაითსაიდის რიგით მეორე კომუნიკაციაა. პირველი შეხვედრა  მერის ბრიუსელში ვიზიტისას, მიმდინარე  წლის  20-23 მარტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და  ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ორგანიზებით შედგა, როდესაც გორის მერი საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. (https://www.facebook.com/media/set/?set=a.1003725089710555.1073742153.703054269777640&type=3) ზურაბ ჯირკველიშვილმა შეხვედრაზე  კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის გამო და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფისის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა  არა მარტო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, არამედ რეგიონების მხარდაჭერა და მათი ევროპული არჩევანი. ტედ ვაითსაიდმა გორის მერთან  საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ მის ოფისს ისევ   მიეცემა საშუალება  ბრიუსელში კიდევ ერთხელ უმასპინძლოს ქალაქ გორისა და სხვა თვითმმართველობების წარმომადგენლებს  და  უფრო ვრცლად გააცნოს მათ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები თუ  მოსახლეობის ინფორმირების კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციის მხრივ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. ნატოს გენერალური მდივნის ასისტენტის მოადგილე გორს ნატოს კვირეულის ფარგლებში ესტუმრა, გორის სასწავლო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა და  გორის მერიასა და სტალინის მუზეუმს ესტუმრა.