კომბინატის დასახლებაში 111 მრავალსართულიანი კორპუსის საერთო სარგებლობის (სარდაფულ ნაწილში) საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 25 მარტს გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 433 519 ლარია გათვალისწინებული. თანხის 95% - 411 843 ლარი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №295 განკარგულების მიხედვით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. თანხის დანარჩენ ნაწილს 5% - 21 676 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. 
როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ მიმდინარე ტენდერი 15 აპრილს დასრულდება, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება.
„კომბინატის დასახლებაში სულ 130 მრავალსართულიანი კორპუსია, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან, 70-იან წლებში აშენდა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში 2015 წელს მხოლოდ 19 კორპუსში განხორციელდა წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე დანარჩენი 111 კორპუსის წყალსაკანალიზაციო სისტემებს რეაბილიტაცია არ ჩასტარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას დაიზანებული საკომუნიკაციო ქსელებით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.“ - აღნიშნავს ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი აკაკი ხუფენია.