მუნიციპალური საბავშვო ბაგა- ბაღების სერვისით ქალაქ გორში დღეიდან 
დამატებით კიდევ 105 აღსაზრდელი ისარგებლებს.
გორის მე-12 ბაგა-ბაღში 3 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა და მთლიანობაში 7 ჯფუფითა და 250 აღსაზრდელით დაწესებულება სრული დატვირთვით ამუშავდა. 
ახალი აღსაზრდელები დღეს მერიის განათლების განყოფილების თანამშრომლებმა მოინახულეს და სააღმზრდელო პროცესსაც დაესწრნენ.
მე-12 ბაგა-ბაღის შენობა 2012 წლის დეკემბერში ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა. ბაღმა ფუნქციონირება 2015 წლის 24 დეკემბერს აღადგინა, როცა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და ოფიციალურად გაიხსნა. 
დამატებითი ჯგუფებისთვის ინვენტარისა და სასწავლო მასალის შესაძენად საჭირო თანხები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიმდინარე წლის 16 მარტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილებით აისახა.
განათლების განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ბერიანიძის განცხადებით, დღეისათვის ქალაქ გორში 18 მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომლებიც 3338 აღსაზრდელს ემსახურება და რადგან მოთხოვნა უფრო მეტია, ბაღების სერვისის უფრო მაღალი ხელმისაწვდომობის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურები სადგურის დასახლებაში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის საკითხს აქტიურად განიხილავენ.