ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი 20-23 მარტს, საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ორგანიზებით დაიგეგმა. ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში, შეხვედრები გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ტედ უაითსაიდთან, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილესთან პეტრ ლუნაკთან და ამავე განყოფილების წარმომადგენელთან დესპინა აფენტოულისთან, ნატოს სამოქმედო და ოპერატიული „A სექტორის" ხელმძღვანელთან მიჰაი კარპისთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან უსაფრთხოების მოსალოდნელი გამოწვევების განყოფილებიდან ჯეიმი შეასთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წამომადგენელთან ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში მარიეტ შურმანთან და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან. გარდა ამისა მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრები გაიმართა ნატოში გერმანიის, რუმინეთის და აშშ-ს მისიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, ქვეყანაში არსებული ვითარება და პერსპექტივები, მოსახლეობის ინფორმირების კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციის მხრივ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.