გორი რომ მართლაც  სპორტული წარმატებების ქალაქია, ეს გორელმა სპორსტმენებმა  კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რიგაში მიმდინარე ევროპის  ჩემპიონატზე მოპოვებული 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით, რომელთა წყალობითაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული  ნაკრები  59 ქულით გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ჩემპიონატის პრიზიორებს გენო პეტრიაშვილს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, დავით ტლაშაძეს და მათ პირად მწვრთნელს ნუგზარ სხირელს დღეს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი,  საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი  და მუნიციპალიტეტის   წარმომადგენლები შეხვდნენ,  გამარჯვება მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს. ,,ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით გვინდა გადმოგცეთ ეს სიგელები, როგორც ჩვენი პირველი რეაქცია ამ  სიხარულზე.  თქვენ მარტო არ იყავით მოედანზე, ჩვენც თქვენთან ერთად განვიცდიდით და ვღელავდით თქვენს შედეგებზე. დარწმუნებული ვართ, კიდევ ბევრ ტურნირში გაიმარჯვებთ, კიდევ ბევრჯერ ასახელებთ ქვეყანას და ჩვენც, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, ერთობლივად შევძლებთ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი შრომა და წარმატებები!   დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ  გვაგემეთ გამარჯვებით განცდილი სიხარული.“- ამ სიტყვებით მიულოცა ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა  სახელოვან გორელ ფალავნებს და მათ მწვთნელს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სახელოვანი გამარჯვება. დღესვე, სპორტსმენებთან შეხვედრაზე ზურაბ ჯირკველიშვილმა გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების  საკითხზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მერიის მიერ მომზადებულ საკითხს უახლოეს სხდომაზე საკრებულო მხარს დაუჭერს, რაც   მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას, ამ წოდების  მინიჭებით დააფასოს არა მარტო  სპორტის, არამედ სხვა სფეროში მოღვაწე გორელების დამსახურებებიც.