ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ქალაქის მერის  ბრძანებით 11 მარტს დაკომპლექტდა,  მერისავე მოწვევით ხვალ, 17 მარტს, პირველად შეიკრიბება და სადამფუძნებლო სხდომას გამართავს. სამოქალაქო საბჭოს წევრებად შერჩეული სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 12 ადამიანი - ელდარ მამისთვალაშვილი, მიხეილ ჩიტაძე, ლია მამულაშვილი, დავით ყაზარაშვილი, იოსებ ნემსაძე, თინა ბრეგვაძე, პაატა ხარაბაძე, ია თინიკაშვილი, თამარ ედიშერაშვილი, ზურაბ ჯოხაძე, კატო ქოთოლაშვილი და ედუარდ მანველიშვილი ხვალიდან  აქტიურად  ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში და შეეცდებიან განახორციელონ თვითმმართველობის კოდექსითა და საბჭოს დებულებით დაკისრებული მოვალეობები: განიხილონ  მერის სამუშაო გეგმები, ბიუჯეტის პროექტები,  მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები,    აქტუალური საკითხების ირგვლივ მოაწყონ საზოგადოებრივი განხილვები და მოსახლეობის გამოკითხვები. გორის მერიაში მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, როგორც  დამატებითი  ბერკეტი   მუნიციპალიტეტების საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშესაწყობად, იქნება ეფექტური და ქმედუნარიანი ორგანო, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის დემოკრატიის ხარისხს  ქალაქის  თვითმმართველობაში. ,,მრჩეველთა საბჭომ,  ვფიქრობ,   ნაყოფიერად უნდა იმუშაოს, რადგან წევრები ბევრი სხვადასხვა სფეროდან არიან წარმოდგენილნი. შეძლებისდაგვარად დაცულია გენდერული თანასწორობაც. ჩემი აზრით,  საკმაოდ დაბალანსებული, საქმესა და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მრჩეველთა საბჭო  გვეყოლება“ - განაცხადა მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ. საბჭოს  შექმნისა და  მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა  მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. რის შემდეგაც  საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა. დარეგისტრირებული 12 აპლიკაციიდან ზურაბ ჯირკველიშვილმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა განაპირობა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ გასული წლის 22 ივლისს განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის თანახმადაც  მრჩეველთა საბჭოების ამოქმედება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სავალდებულო გახდა.