საერთაშორისო ფორუმი ,,ინოვაციების ხელშეწყობა“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება გორის თეატრის მცირე დარბაზში  ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ფორუმს ესწრებიან  ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული ხელისუფლების  წარმომადგენლები პოლონეთიდან, უკრაინიდან, გორის,  ქარელის, ხაშურის, კასპის მუნიციპალიტეტებიდან,  შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატიდან, გორის უნივერსიტეტიდან. ფორუმის სტუმარია ატენისა და გორის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა).   ღონისძიება ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გახსნა,  მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფორუმის პირველი დღე მასპინძელი მხარის - შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების პრეზენტაციებს ეძღვნება.  გორის , ხაშურის, ქარელისა და კასპის ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოელი მეგობრების წინაშე საკუთარ მუნიციპალიტეტებში   მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პოტენციალს გააცნობენ. დღის ბოლოს ფორუმის მონაწილეები გორის თეატრის  სპექტაკლ ,,საქსოფონს“ დაესწრებიან. ფორუმის ხვალინდელი ფინალური  დღე სტუმრების პრეზენტაციებს დაეთმობა. პომორსკიეს სავოევოდოს, ქალაქების -ბელოსტოკის, ლუცკისა და სოპოტის, ასევე სტაროგაცკისა და კარტუშის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მასპინძელ მხარეს საკუთარ გამოცდილებას გააცნობენ სოციალური ბიუჯეტირების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სხვა  საკითხების ირგვლივ. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში შეხვედრები   14 თებერვალს დაიწყო.  უცხოელმა სტუმრებმა მოინახულეს უფლისციხისა და სტალინის  მუზეუმები, ატენის სიონი და ატენის მარანი,  გამართეს შეხვედრები ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ადგილზე გაეცნენ ბიზნესგარემოს. „გორის საერთაშორისო ფორუმი - ინოვაციების ხელშეწყობა“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ა(ა)იპ  „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტეტის მერიის განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანია შიდა ქართლის სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენა და უცხოელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.